logo
ENG



"მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს" - ზურაბიშვილი იუნკერთა მემორიალთან მივიდა

23 თებ 202416:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/0z2329v1gv3gnmo.jpg

"მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს" - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერების მემორიალთან მისვლის შემდეგ გააკეთა. 

ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რა არის მიზეზი, რის გამოც დღეს პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე არ მიიწვია.  

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი პარლამენტმა არ მიიწვია ეზოში, სადაც იუნკერთა ხსოვნისთვის პატივი მიეგო. 

"სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიეგო იუნკერთა ხსოვნისთვის", - დაწერა პრესსამსახურმა.

მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ზურაბიშვილის მონაწილეობა "გათვალისწინებული არ ყოფილა". 

"სისტემა არის მოწვევის და ყველა იყო მოწვეული, ვისაც ჰქონდა სურვილი, რომ პატივი მიეგო იუნკერთა ხსოვნისთვის. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული. შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა ღონისძიებაზე. ჰკითხეთ მას მიზეზი, არ ვიცი, რატომ არ მოვიდა. შარშანაც არ იყო და წელსაც არ მოგვიწვევია", - თქვა პაპუაშვილმა. 

 


close დახურვა